სახლი

ბავშვობაში მაქვს წაკითხული მოთხრობა კაცზე, რომელიც სამშობლოდან შორს ცხოვრობდა და დარდისგან და მონატრებისგან გული გაუსკდა და მოკვდა. მახსოვს ძალიან გამიკვირდა, ვერ მივხვდი რატომ უნდა იყოს რთული იცხოვრო სხვა ქვეყანაში, თუ იქ უკეთესი პირობებია.  უცხოეთში შემდგარ ადამიანს რომ სამშობლო ენატრებოდეს არ მეჯერებოდა. სიმართლე ვთქვა, ახლაც არ ვიცი ზუსტად არიან თუ არა ბედნიერები შორს წასულები, ადამიანები რომლებიც თავისი წინაპრების მიწაზე არ დადიან და ჰაერს არ სუნთქავენ.

მე თვითონ შორს ვცხოვრობ სახლიდან; ნუ არც ისე შორს,  სულ რაღაც 368 კმ – ის მოშორებით, იმავე ქვეყანაში, უბრალოდ სხვა ქალაქში. სექტემბერში 7 წელი იქნება ზუსტად რაც წამოვედი სახლიდან, ახალ, უფრო დიდ და სრულიად უცხო სამყაროში. არა, არ იფიქროთ არასდროს ყოფილა ჩემთვის რთული ეს ცვლილება, არ მომიწყენია ამის გამო, ამდენი წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე მახსენდება მონატრების განცდა, ისიც მსუბუქი, ოდნავ სევდიანი, მაგრამ არა დეპრესიული. ადამიანები კი მენატრებოდნენ, რათქმა უნდა, მშობლები, ახლობლები მეგობრები, მაგრამ ეს განცდებიც არ ყოფილა არასდროს ისეთი მძაფრი, რომ უკან გადასახლება მომდომებოდა.

ბოლო ხანებია ვცდილობ ჩემს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს უფრო მეტი ყურადღება დავუთმო და აგრეთვე გავაანალიზო საკუთარი ემოციები. არა, ფილოსოფიაში არ გადავარდნილვარ, უბრალოდ პატარ-პატარა დაკვირვებებს ვაწარმოებ და შესაძლოა დაახლოებით ვხვდები რას განიცდიან შორს მყოფი ჩვენი თანამემამულეები.

მოკლედ, მივხვდი რა მაკავშირებს ჩემს მშობლიურ ქალაქთან და რა ხდის მას განსაკუთრებულს. რამდენი თვის წინ, ადრეულ გაზაფხულზე ვიყავი ჩასული, ბევრი ხალხი არ იყო ჯერ, მეგობათან შესახვედრად მივდიოდი ფეხით, პატარა ქუჩაზე. ქალაქი იმდენად პატარაა, ფეხით შეგიძლია მთლიანად შემოიარო.  და აი მაშინ, იმ რამდენიმე წუთში სანამ მივიდოდი მივხვდი, უფრო სწორად ვიგრძენი  რომ თავს ვგრძნობ მშვიდად, უფრო ზუსტად რომ გადმოვცე უსაფრთხოდ. აი ის განცდა, მთლიანად მოშვებული რომ ხარ. ადრე მეგონა მსგავსი შეგრძნების გაჩენა მხოლოდ ადამიანებს შეეძლოთ, სულ რამდენიმე ადამიანთან ვგრძნობ თავს ასე მშვიდად. არა, ალბათ სულ ვიცოდი რომ აქ, მშობლიურ ქალაქში რაღაც მსგავსი მემართებოდა, უბრალოდ არასდროს მიცდია ამ განცდის აღწერა და ფორმულირება.  და როცა გავიაზრე , რომ ეს მსუბუქი სიმშვიდე ნაბიჯ-ნაბიჯ მომყვებოდა იმ პატარა ქუჩაზე, მივხვდი, რომ შესაძლოა  სრულიად  არ მენატრებოდეს,  არ განვიცდიდე უმისობას  და არ მივიჩქაროდე იქითკენ, მაგრამ მაშინვე როგორც კი  აღმოვჩნდები  იქ აუცილებლად  დამეუფლება ეს განცდა, განცდა იმისა რომ სახლში ვარ.

ღაჭიკო

One thought on “სახლი

Leave a comment